Wednesday, February 27, 2013

ბავშვობა

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში. ოფიციალური ცნობით 1863 წლის 5 ივნისს, ხოლო თვით ექვთიმე თაყაიშვილის შენიშვნითშესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე“. ბავშვის დაბადება თოფის გასროლით არ უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა.
მამა-აზნაური სვიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი-კორდონის ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია-ოსმალეთის ხაზზე. სოფელშიჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი“. კარგი პატრიოტიც ყოფილა.
დედა-თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული ნინო. ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. ექვთიმე ხუთი წლისა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. ამის შემდეგ მას და მის და-ძმას ბებია და ახლობლები ზრდიდნენ. მიუხედავად მზრუნველი გარემოცვისა, ექვთიმემ მაინც გამოუსწორებელი მარცხი იწვნია: სამი წლის იყო, როდესაც ხეზე ავიდა, გადმოვარდა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა და იმის მერე დაკოჭლდა. პატარა ექვთიმე უმეტესად შინ იყო-ლიხაურში, დადიოდა დასთან ძიმითში, ზოგჯერ დედის ნათესავებთან მაკვანეთში ან კიდევ მამიდებს სტუმრობდა. ყმაწვილი ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეიყვანეს. სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონდა და ზეპირად იმახსოვრებდა მასწავლებლის მონათხრობს. ყველაზე მეტად მასწავლებელი იოსებ თაყაიშვილი უყვარდა.
1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა, პროგრამაც გაკეთდა დათითო კლასში ორ-ორი განყოფილება იყო“... ამ დროს ექვთიმე მე-3 კლასში გადადიოდა. ობოლ ექვთიმეს კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა, მზრუნველმა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა. მე-3 კლასი წარმატებით დაამთავრა და კვლავ ლიხაურში დაბრუნდა.
თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე. „თამამად შეიძლება ითქვას-აღნიშნავს ექვთიმე-რომ ის ოჯახები, რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული, მრავალ მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე, ჩემი სულიერი ზრდისთვის.“
ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულებს, ქუთაისელი წერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიძეების და პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს. ყოველივე ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გარემო სადაც ექვთიმე იზრდებოდა, გახდა საფუძველი მისი გონებრივად და მორალურად ჩამოყალიბებისა და სამშობლოსადმი თავდადებისა.

No comments:

Post a Comment