![]() |
| ექვთიმე თაყაიშვილი |
ნიკო მარი სთვლიდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა ხელნაწერების კლასიფიკაცია-აღწერით მკვიდრი საფუძველი შეუქმნა ქართული კლასიკური მწერლობის შესწავლას და ქართულ ისტორიოგრაფიას.
ექვთიმე თაყაიშვილის შრომები წარმოდგენილია ავტორის „რჩეული ნაშრომების“, I ტომის პირველ ნაწილში სათაურით: „მასალები ძველი ქართული მწერლობის ისტორიიდან“, მეორე ნაწილი კი ეთმობა ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებსა და მოგონებებს.
ნაშრომში აღწერილი თითოეული მასალა ითვალისწინებდა ასაღწერი მასალის როგორც გარეგნულ მხარეს, ისე მის შინაარსს, მოყვანილია ხელნაწერთა ყველა ანდერძი, მინაწერ-ჩანაწერი, შენიშვნები, ვრცელი ამონაწერები ტექსტების შესავლიდან და დასასრულიდან, უხვი ცნობები, რასაც კი მნიშვნელობა აქვს ძეგლის ავტორის გადამწერის, ხელნაწერის თარიღის, ამკინძავის, შემკითხველის, რესტავრატორის შესახებ. მკვლევარი ხელნაწერის ხშირ შემთხვევაში გვაძლევს თხზულების შინაარსს, კარების დასათაურებას, ილუსტრაციებს, ნუსხას. მათში გაშუქებულია საკითხები ქართული სასულიერო და საერო მწერლობისა.
ავტორი აღნიშნავს: „ჩვენ შევეცადეთ ამოგვეწერა ყველა ისტორიულ-ლიტერატურული მასალა, რომელიც სრულ წარმოდგენას მოგვცემდა ხელნაწერზე მის გამოცემამდეც კი".
მაგალითად „ქილილა და დამანა“ 13 ხელნაწერის მიხედვით არის აღწერილ-დასათაურებული. აგრეთვე „როსტომიანი“, „რუსუდანიანი“, „ომანიანი“ და ა.შ. ლიტერატურულ მასალას ექვთიმე თაყაიშვილის აღწერილობათა ისტორიული შინაარსის ხელნაწერშიც ვხვდებით.
მკვლევარმა გამოაქვეყნა პარიზში კერძო პირებთან დაცული ხელნაწერთა აღწერილობაც, კერძოდ, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი. ამ ნაშრომებში აღწერილია 26 ხელნაწერი. მათ შორის არის „ვეფხისტყაოსანი“, „ომანიანი“, „ბარამიანი“. ზოგიერთი იშვიათი ხელნაწერი იყო, რამაც დიდი დახმარება გაუწია ქართული ენის ლიტერატურის და ისტორიის შესწავლას. ექვთიმეს დამსახურებაა „ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და წერილების მიმოხილვის“ გამოცემა, აგრეთვე „ჯვრის მონასტრისეული ტყავის ხელნაწერი „თთვენი“ ანუ საგალობელი XI საუკუნისა“.
ლიტერატურასთან კავშირი აქვს ჩვენი მოღვაწის მიერ გამოცემულ ისტორიულ-არქეოლოგიური შინაარსის რიგ ნაშრომებს, თუნდაც ახალ ვარიანტს „წმ. ნინოს ცხოვრებისა“. 1895 წელს თაყაიშვილმა გამოაქვეყნა „სიბრძნე ბალავარისი... ხუთი დამატებით“. ცნობილი ქართველი მეცნიერი ალ. ბარამიძე შენიშნავს: „ეს მოხდა მაშინ, როდესაც რუსული აღმოსავლეთმცოდნეობა გატაცებული იყო „სიბრძნე ბალავარიანით“. მეცნიერმა მოიპოვა და გამოაქვეყნა რიგი სრულიად ახალი ცნობებისა, რომლებისც ამდიდრებენ ჩვენს წარმოდგენას როსტომიანის თაობაზე; მანვე პირველად გაგვაცნო ზააქიანისა და საამიანის ტექსტები... სცადა გაერკვია ამ ძეგლების გამლექსავთა ავტორების, მამუკა მდივნისა და ბარძიმ კაჩნაძის ვინაობა“. გამოავლინა ნათარგმნი საყურადღებო ძეგლი „იოსებ-ზილიხანიანი“. გაარკვია, რომ ხელნაწერი ეკუთვნის მე-16 საუკუნეს და პოემის ტექსტი არსებითად განსხვავდება თეიმურაზ პირველის სახელით ცნობილი ანალოგიური პოემისაგან“. იგი თეიმურაზის ვერსიაზე ადრინდელია. ექვთიმემ სწორად გაიგო „რუსუდანიანის“ იდეური ტენდენციები, ახალი აზრი გამოთქვა ძეგლის თარიღის თაობაზე.
ქართული მწერლობის ისტორიის საინტერესო ცნობებს შეიცავენ ე. თაყაიშვილის მოგონებანი ქართველ მწერლებზე (ი. ჭავჭავაძ, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გ.წერეთელი...), მეცნიერებზე (ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკაბაძე...). შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე. თაყაიშვილის აღწერილობათა ორომეული სანიმუშო იყო თავისი დროისთვის და შესანიშნავია დღევანდელი პირობებისთვისაც
1888 წელს ექვთიმემ შისწავლა და
გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“
ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი
ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. საქართველოს
ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მის მიერ აღმჩენილი „ხელმწიფის კარის გარიგების“
ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში
იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის
გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს
„აბდულმესიანის“, „თამარიანის“, „ვისრამიანის“, „ამირან დარეჯნიანის“,
„როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთაველოლოგიური შენიშვნებისა და
სხვათა მრავალთა ხელნაწერები.

No comments:
Post a Comment